შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის აპრილში. იხ. კონკურსის განახლებული დებულება (მთავრობის დადგენინლება N 85; დადგენილების ცვლილება N 137, 24.03.2016).

კონკურსის მიზანია  ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, საგრანტო კონკურსის ღია წესით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა.

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში);

ვ) სოციალური მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში).

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
  • ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს
  • დამხმარე პერსონალის სახით - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირს/პირებს, რომელიც ეხმა­რება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;

პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი - დოქტორის ან მასთან გა­თანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქა­ლაქე, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პრო­ექ­­ტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინე­ბუ­ლი საქმიანობის ანგარიშგებაზე;

პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი - ფიზიკური პირი, პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე;

პროექტის ძირითად პერსონალში ჩართული უნდა იყოს ახალგაზრდა მკვლევარი/მკვლევარ(ებ)ი - პირი, რომელსაც აქვს მინიჭებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ან 35 წლამდე ასაკის  დოქტორანტი, მაგისტრი, ან მაგისტრანტი.

პროექტში შესაძლებელია ჩართული იყოს კონსულტანტი - უცხოეთის მოქალაქე, აღნიშნული პირი არ შეიძლება იყოს პროექტის ძირითადი პერსონალი, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს დამხმარე პერსონალში, ან მისი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი გათვალისწინებული იქნას „საქონელსა და მომსახურების ხარჯში“

გამოყენებითი კვლევებისათვის გრანტების კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვები:

  1. ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ჯამში 2-ზე მეტი პროექტში.

  2. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს.

  3. დაუშვებელია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადების შეტანა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა პირველ და მეორე პუნქტთან.

განმარტება კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით:

  • განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში წარმოადგინოს ერთზე მეტი პროექტი.
  • განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ორზე მეტ პროექტში.
  • განმცხადებელს პროექტის ხელმძღვანელის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობისა და ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფონდის ერთ მიმდინარე გრანტში ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI), ან არის აღნიშნულ სამი კონკურსიდან ერთ-ერთში გამარჯვებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მაგრამ გრანტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის. მაგ. თუ ფონდის მიმდინარე გრანტი სრულდება და დაიხურება 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მეცნიერი ახალ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
  • განმცხადებელს ძირითადი პერსონალის სტატუსტით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის ჩართული ძირითადი პერსონალის სტატუსითფონდის ზემოთ აღნიშნული სამი კონკურსიდან ერთ-ერთის ფარგლებში (FR, AR, DI) ერთზე მეტ მიმდინარე გრანტში.
  • მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ორ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის.
  • მეცნიერს შეუძლია კონკურსში ძირითადი პერსონალის სტატუსით ორ პროექტში მონაწილეობა, თუ იგი ჩართულია ძირითადი პერსონალის სახით ერთ-ერთი კონკურსის (FR, AR, DI) ფარგლებში მიმდინარე ერთ გრანტში, მაგრამ აღნიშნული პროექტი დასრულებული და დახურული იქნება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის.

კონკურსის შეფასება ხორციელდება 2 საფეხურად:

კონკურსში შემოსული პროექტები პირველ საფეხურზე შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია).

ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება / პროექტის თავფურცელი
  2. საპროექტო წინადადება
  3. პროექტის რეზიუმე
  4. პროექტის ბიუჯეტი
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი
  6. ძირითადი პერსონალისა და უცხოელი პარტნიორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები.
  7. წინა, დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე.
  8. წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე

ინგლისურ ენაზე თარგმნას არ საჭიროებს:

  1. წამყვანი ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
  2. წამყვანი ორგანიზაციის წესდება
  3. თანამონაწილე ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
  4. თანამონაწილე ორგანიზაციის წესდება
  5. ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები
  6. თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები  

პირველ საფეხურზე შერჩეული პროექტები შესაფასებლად გადადის მეორე საფეხურზე. შერჩეული პროექტების პრეზენტაცია უნდა განხორციელდეს სპეციალური კომისიის წინაშე. კომისია შედგება „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და  ინოვაციების საბჭოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი დარგობრივი ექსპერტების, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) წარმომადგენლებისგან;

პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული ქულების საფუძველზე.

იხ. პროექტების პირველ და მეორე საფეხურზე შეფასების კრიტერიუმები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (წინასწარი ფორმები):

  1. განცხადება / პროექტის თავფურცელი
  2. საპროექტო წინადადება
  3. პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები
  4. პროექტის ბიუჯეტი
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი
  6. პროექტის რეზიუმე/აბსტრაქტი (ინგლისურად მაქს. 250 სიტყვა, ქართულად მაქს. 350 სიტყვა)
  7. პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე (ინგლისურად მაქს. 400 სიტყვა, ქართულად - მაქს. 600 სიტყვა)
  8. წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე
  9. პროექტის კონსულტანტის თანხმობის წერილი
  10. ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები
  11. ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ქსერო ასლები
  12. წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  13. თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  14. თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი:

  • კონკურსის ანონსი: 31/03/2016
  • კონკურსის გამოცხადება: აპრილი
  • ჯგუფური კონსულტაციები: აპრილი, მაისი (თარიღები დაზუსტდება კონკურსის გამოცხადებისთანავე)
  • კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: მაისი
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: მაისი
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი
  • შეფასების პირველი საფეხური - პროექტების შეფასება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ: ივნისი, ივლისი, აგვისტო.
  • შეფასების მეორე საფეხური - მეორე საფეხურზე გასული პროექტების პრეზენტაცია და შეფასება კომისიის მიერ: სექტემბერი.
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი.

კონკურსის კოორდინატორები:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები (საპროექტო წინადადება, ბიუჯეტი, გეგმა-გრაფიკი, CV-ის ფორმა, პროექტის რეზიუმე, წინა სამეცნიერო გრანტის რეზიუმე) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას აპრილში.

ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ზუსტი ინსტრუქცია პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.