შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18  ოქტომბერს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში,  შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა  და ქვეყნის ყველაზე მსხვილ  ბიზნეს  გაერთიანებას  -    საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა; მემორანდუმს   ხელი მოაწერეს რუსთაველის ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.   ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია საქართველოში.   მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სამეცნიერო-აკადემიურ სექტორსა და ბიზნეს სექტორს შორის ერთობლივი გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობისათვის, ბიზნეს სექტორის სამეცნიერო კვლევებით დაინტერესების კულტურის განვითარებისათვის.  აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევების და ინოვაციების  პროგრამა -  „ჰორიზონტი 2020“ -ის პოლიტიკის მხარდამჭერი სტრუქტურის მიერ შემუშავებული  რეკომენდაციების  შესრულებას.

მემორანდუმის ფარგლებში  მოხდება რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის გამოყენებითი კვლევების მიმართულებით გამარჯვებული პროექტების წარდგენა  ბიზნეს კომპანიებისთვის და  სამეცნიერო პროექტები,  რომელთა  კომერციალიზაციაც ეფექტური და მომგებიანი  იქნება, ბიზნეს-პროექტებად იქცევა.  პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა  სივრცის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია, კვლევების დაყვანა კომერციულ ტრანსფერებამდე, მეცნიერებასა და ეკონომიკურ სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურება, რაც საბოლოოდ, ქვეყნის სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.