შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ქართველოლოგიური მიმართულების ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

14 ნოემბერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ქართველოლოგიური მიმართულების 13 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეხვდა ; შეხვედრის მონაწილეებს მიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.
რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა პრეზენტაცია „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”, ისაუბრა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ქართველოლოგიური მიმართულების მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და პროგრამებზე. ქართველოლოგიური მიმართულება რუსთაველის ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიმართულებაა; ქართველოლოგიური მიმართულების პროგრამული დაფინანსება გაიზარდა, ფონდმა გამოაცხადა მიზნობრივი კონკურსები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევებისა და საგამომცემლო გრანტების კონკურსები, ასევე, იანვრიდან გამოცხადდება კავკასიოლოგიური მიმართულების სამეცნიერო პროგრამა. ზვიად გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტის გახსნის მნიშვნელობაზე. ასევე, ქართველოლოგიური მიმართულების გასაძლიერებლად, ამ სფეროს კვლევით ინსტიტუტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ინსტიტუციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებით, ერთიანი ქართველოლოგიური ცენტრის შექმნის საკითხზე.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ЕURAXESS-ში გაწევრიანება ახალი ფართო შესაძლებლობები და გამოწვევაა საქართველოს მეცნიერებისთვის მისი განვითარებისა და მაღალევროპულ სტანდარტებზე ასაყვანად.
დასასრულს, ზვიად გაბისონიამ შეხვედრის მონაწილეების, მეცნიერების მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა.