შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოფენა „უორდროპების საქართველო - ისტორია და დღევანდელობა“

 

12 ნოემბერს,  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „უორდროპების საქართველო - ისტორია და დღევანდელობა“.  ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც  ისაუბრა მარჯორი და ოლივერ უორდროპების დიდ ღვაწლზე ქართული კულტურის, ლიტერატურის წინაშე, აღნიშნა, რომ  მიმდინარე წლის თებერვალში რუსთაველის ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ  ოქსფორდის უნივერსიტეტში გამართულ  უორდროპებისადმი  მიძღვნილ  დიდ საერთაშორისო კონფერენციაში,  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამა  საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს,  ერთი წლის განმავლობაში   აწარმოონ სამეცნიერო კვლევა  ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შორის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივების ბაზაზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

2019 წელს შესრულდა მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი. ამ თარიღს იუნესკო საერთაშორისო მასშტაბით აღნიშნავს. ამავე წელს შესრულდა ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 155 წელიც. მარჯორი და ოლივერ უორდროპების დიპლომატიური თუ ლიტერატურული საქმიანობის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის განუზომლად დიდია.

ქართული საზოგადოება გარკვეულწილად იცნობს მარჯორი უორდროპს, მაგრამ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მისი პირადი წერილები არაერთ სიახლეს სთავაზობს, როგორც პროფესიულ, ისე საქართველოს წარსულითა და ლიტერატურით დაინტერესებულ საზოგადოებას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უორდროპების წერილობითი მემკვიდრეობა და მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო და პერიოდული მასალა, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში: უორდროპების მეგობრული და საქმიანი წერილები ილია ჭავჭავაძეს, ოლღა გურამიშვილეს, ექვთიმე თაყაიშვილს, კორნელი კეკელიძეს, ვასილ კარბელაშვილს და სხვებს; ის უნიკალური ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც საქართველოზე შეყვარებული და-ძმა  მოხიბლეს თავისი ფორმითა თუ შინაარსით და მათ თარგმნეს ინგლისურად, რათა დასავლური სამყაროსათვის წარედგინათ ამ შედევრების შემქმნელი კულტურა: „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე უნიკალური ნუსხა, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, „ქილილა და დამანა“.

გამოფენა 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს საგანმანათლებლო ნაწილს, კერძოდ, სალექციო შეხვედრებსა და სხვადასხვა აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის.

ღონისძებას დაესწრო დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი, აფხაზეთის  ა/რ მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში  დავით ფაცაცია და სხვები.