შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან

9 ივლისს,  საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ფონდის საკონფერენციო დარბაზში   შეხვდა  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის,  რნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტუტუტის,  საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის,  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა  ცენტრის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის,   ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის,  გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის,  დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს.

ზვიად გაბისონიამ მეცნიერებს  წარუდგინა ხედვა   განათლებისა და მეცნიერების სფეროს კომპლექსური  რეფორმის შესახებ,  აღნიშნა,  რომ   ქართველოლოგია  რეფორმის  ერთ-ერთი პრიორიტეტული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  მიმართულება იქნება,  მომავალი წლიდან რუსთაველის ფონდის მიერ  ქართველოლოგიური მიმართულების კვლევების  მიზნობრივი მხარდაჭერა  განხორციელდება, ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების, კვლევების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, ქართველოლოგიური მიმართულების გასაძლიერებლად ერთიანი სტრატეგიის, ხედვის შემუშავების აუცილებლობაზე.

 ფონდის დირექტორის მოადგილე  ჯაბა სამუშიამ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან  ფაქტზე, რომ  სახელმწიფოს მიერ  ქართველოლოგიური  მიმართულების  პროგრამული დაფინანსება გაიზრდება, განისაზღვრა 4 პრიორიტეტი:  კავკასიოლოგიიური მიმართულების კვლევები, ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა,  საზღვრისპირა რეგიონების  შემსწავლელი სამეცნიერო პროექტები, საგამომცემლო სახელმწიფო გრანტები.

შეხვედრის  მონაწილე  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ამ სფეროს გამოწვევებსა და პრობლემებზე, ინტერდისციპლინური კვლევების  ჩატარების, სასაზღვრო რეგიონების კომპლექსური კვლევის,  მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა  და სხვა აქტუალურ საკითხებზე, განიხილე პრობლემების გადაჭრის გზები.