შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ნანოცეოლითური სორბენტების შექმნის მეცნიერული საფუძვლების განვითარება“

2016 წლის 10 მარტს, 12:00 საათზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში გაიმართა ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის პროექტის  „ნანოცეოლითური სორბენტების შექმნის მეცნიერული საფუძვლების განვითარება“ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. მოხსენების შემდეგ დაისვა შეკითხვები, გაიმართა დისკუსია და  დაისახა სამომავლო გეგმები. 

მოხსენება პროექტის შესახებ გააკეთა,  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნანული დოლაბერიძემ.

მოხსენება შეეხებოდა ნანოგანზომილებიანი, წვრილდისპერსული ცეოლითური მასალების მისაღებად თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნას, ამ მიმართულებით  მეცნიერული საფუძვლების განვითარებას; რაც ითვალისწინებდა ალუმინსილიკატურ სისტემებში მიმდინარე გელწარმოქმნის, ჰიდროთერმალური კრისტალიზაციის და ქიმიური მოდიფიცირების ზოგიერთი კანონზომიერებების დადგენას. კვლევაში გამოყენებული იყო  იაფი, ადვილადხელმისაწვდომი ბუნებრივი ცეოლითები, საქართველოს საბადოებიდან – კერძოდ კლინოპტილოლიტი რკონიდან, ფილიპსიტი შუხუთიდან, ანალციმი გელათიდან.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე შექმნილია ალუმინსილიკატურ სისტემებში გელწამოქმნის, ჰიროთერმალური კრისტალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მოდელები;  დადგენილია ცეოლითების მჟავური, თერმული და იონმიმოცვლითი დამუშავების ოპტიმალური პირობები.  

დაგროვილი ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემუშავებული მარტივი  ეკონომიურად რენტაბელური ხერხებით მიღებულია სუფთა, წვრილდისპერსული ფოჟაზიტი და მორდენიტისმაგვარი  ცეოლითი და ანტბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების მატარებელი პროლონგირებული ქმედების სორბენტები ვერცხლის, სპილენძის და თუთიის შეცველობით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ქირურგიაში, სტომატოლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებში.