შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია მე-17-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ სივრცეში“

2018 წლის 5 დეკემბერს თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდა წიგნის - „კავკასიის ფრანგული დღიური“ პრეზენტაცია.   წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის - „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია მე-17-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ კულტურულ სივრცეში“ -ფარგლებში.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მიზნებზე,  წიგნის ზოგად სტრუქტურაზე და აქტუალურ სიახლეებზე.

წიგნი წარადგინეს პროექტის ძირითადმა შემსრულებლებმა და თარგმანის ავტორებმა: რუსუდან თურნავამ, ნინო გაგოშაშვილმა და ახალგაზრდა მეცნიერმა თათია ობოლაძემ. წარდგენილი იქნა წიგნის სამი სხვადასხვა ნაწილი: თეორიული საუძვლები, ფრანგი მხატვრებისა და მოგზაურების - ჟან პიერ მუანესა და ანრი ბლანშარის  სამოგზაურო ჩანაწერები და ქართველი არისტოკრატი ქალების ფრანგულენოვანი ეპისტოლური მემკვიდრეობა.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, აქამდე შეუსწავლელი  ფრანგული  ხელნაწერი - „სამი ფრანგომასონური ტრაქტატი“, ვრცელი წინასიტყვაობით.  ითქვა, რომ  კვლევის  პროცესში,  პროექტის უცხოელი კონსულტატის, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრ სტროევის თანამშრომლობით,  დადგენილი იქნა როგორც ძირითადი ნაშრომის, ისე წინასიტყვაობის ავტორები.

აღინიშნა, რომ პროექტის დასასრულს, დაგეგმილია კიდევ ერთი წიგნის, ვრცელი  მონოგრაფიული გამოკვლევის გამოცემა, რომელსაც საფუძვლად დაედება   პირველ წიგნში შესულილიტერატურული მასალა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენელები.