შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

2018 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ფიზიკის პედაგოგმა და  აკადემიურმა დოქტორმა ლალი ნადირაძემ წარმოადგინა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, გამარჯვებული პროექტის „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“ პრეზენტაცია. ამ ღონისძიებით დაიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება გიმნაზიაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და საბოლოოდ დაიკავა პირველი ადგილი. პროექტის ხელმძღვანელმა ლალი ნადირაძემ, საზოგადოებას წარუდგინა პროექტის მონაწილე სუბიექტები: პროექტის მონაწილე მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ფიზიკის აკადემიური დოქტორი ბელა კვირკველია, პროექტის ასისტენტი, გიმნაზიის ინფორმატიკის პედაგოგი დოქტორანტი ნანა ნოზაძე და გიმნაზიის მოსწავლე მკვლევარები.

პროექტის ხელმძღვანელმა, ასევე ისაუბრა განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე, საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივებზე, პროექტის მიზნებზე და პროექტის ფარგლებში გიმნაზიის მაღალტექნოლოგიური დანადგარის კვლევის საქმეში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოება გაეცნო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად დაგეგმილ გასახორციელებელ აქტივობებს. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება თბილისის კლასიკური გიმნაზიის ავტონომიური ელექტროსადგურის მონაცემთა ბაზა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექცია, პედაგოგები, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელები. პრეზენტაციის შემდგომ დაისვა კითხვები, ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცედურებზე. შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღინიშნა პროექტის „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“ სასწავლო, კვლევითი, ეკონომიური და ეკოლოგიური ღირებულება.