შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო ფორუმი მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში

29 მარტს, 11:00 საათზე, რედისონ ბლუ ივერიის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. ვინაიდან მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტს მეცნიერება წარმოადგენს, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრასა და მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ხელშეწყობასა და მათი ჩართულობის სტიმულირებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა გამართა სამეცნიერო ფორუმი - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

ფორუმის მიზანია საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამოკვეთა.  

აღნიშნული ფორუმი გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. განათლების რეფორმის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა , მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, ასევე საზოგადოების წინაშე წარსდგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც ისაუბრა განათლების განვითარების რეფორმების ახალი სისტემის შექმნის სტრატეგიის შესახებ და სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის აუცილებლობაზე.

მეცნიერების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს:

  • როინ მეტრეველმა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე - პრეზიდენტმა;
  • გურამ ალექსიძემ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა;
  • გიორგი შარვაშიძემ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა;
  • ზურაბ გასიტაშვილმა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში;
  • გიგა ზედანიამ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და
  • ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

ფორუმის მიმდინარეობის პარალელურ რეჟიმში გაიმართა  პანელური სხდომა ექვს სამეცნიერო მიმართულებაში, სადაც ყველა მიმართულებამ გამოყო საკითხები და შეიმუშავა რეკომენდაციები სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.

ფორუმს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსიტიტუტების, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.