შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

"ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კოლექციების ფორმირება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში"

19 დეკემბერს, 14.30 საათზე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროფ. ინგა ქარაიას საჯარო ლექცია თემაზე "ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კოლექციების ფორმირება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში".

აღნიშნული საჯარო ლექცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით დაფინანსებული პროექტის „ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“ ფარგლებში.

2018-2020 წლებში განხორციელდება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გადინების ფაქტებისა და კოლექციების ფორმირების პროცესის თეორიული კვლევა და ანალიზი, ამ კოლექციების აღნუსხვა, კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია, მათი რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების კვლევა, იდენტიფიკაციისა და მსოფლიო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ვირტუალური ანასტილოსის პროცესის განხორციელება, რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული სურათის შექმნისათვის და სავარაუდოდ, ახალი ცოდნით გაამდიდრებს ეროვნულ სამეცნიერო სივრცეს.

სანკტ-პეტერბურგის მუზეუმების ფონდებში (სახელმწიფო ერმიტაჟი, რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რუსული მუზეუმი, კუნსტკამერა და სხვ.) ამჟამად დაცულია ისტორიული, კულტურული და სხვა სამეცნიერო ინფორმაციის შემცველი ათასობით ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომელთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უცნობია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის, ვინაიდან ამ მიმართულებით სისტემური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა.

ცხადია, ანასტილოსის პროცესის რეალურად განხორციელება და კოლექციების თავდაპირველ, ავთენტურ სივრცეში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ მსგავსი ფაქტების მოკვლევა, დაფიქსირება და ანალიზი ქმნის შესაძლებლობას, ანასტილოზი განხორციელდეს ვირტუალურად, რაც პირველად მოგვცემს ამ უნიკალური კოლექციების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებისა და სამომავლო მეცნიერულ კვლევებში მათი გამოყენების საშუალებას.