შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლო ცუცხვათის მღვიმოვანში

2017 წლიდან ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას. ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, ქვის ხანის არქეოლოგები და გეოლოგები. ქართველ მკვლევრებთან ერთად, ჩართულები არიან ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები და 50-მდე ქართველი სტუდენტი.

ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი - 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები. ასევე, „ბრინჯაოს მღვიმეში“ გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.

ცუცხვათის მღვიმოვანის ხასიათი, თანამედროვე მეთოდების პროგრესი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალა და ამ ძეგლზე არსებული ხელუხლებელი კულტურული ფენები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დეტალურად გამოვიკვლიოთ ნეანდერტალელები, მათი ქცევა და თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობა თუ ურთიერთკავშირის შესაძლებლობა. ასევე, ვეცდებით გავცეთ პასუხები ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებს.

ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.