შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“

2019 წლის 1 აპრილს, 11:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში  გაიმართა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის  „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ საზეიმო გახსნა, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევს პროფესორი მაია ივანიძე.  ასევე, მასში მონაწილეობას იღებენ  საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერები.

გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

კომბინირებული ღონისძიება ორნაწილიანია, იგი ხორციელდება თბილისში (სეზონური სკოლა , 1- 6 აპრილი) და  კაჭრეთში (სამეცნიერო კონფერენცია, 10-11 მაისი).

სეზონურ სკოლაში მონაწილეობას იღებენ დადგენილი წესითა და კრიტერიუმებით (კონკურსის წესით) შერჩეული მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. შერჩეული კონტინგენტისთვის თსუ-ს პროფესურისა და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის (სასამართლო, პროკურატურა, შსს) წარმომადგენელთა მიერ ჩატარდება 5 დღიანი სეზონური სკოლა. სკოლის მსმენელებს ამ ტიპის ღონისძიებათა ციკლის დასრულების შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, ასევე გადაეცემათ სერტიფიკატები. ტესტირებაში გამარჯვებული ახალგაზრდები კი ასევე მიწვეულ იქნებიან 2 დღიან  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (პროექტის მეორე ნაწილი) პროექტის გერმანულ მხარეს წარმოადგენენ: გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის, ასევე საავტორო  სამართლის  მიმართულებით,  სამართლის დოქტორი ბერნდ ჰაინრიხი; იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი სისხლის სამართლისა და  სისხლის საპროცესო სამართალის, ასევე ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართალის მიმართულებით ედვარდ შრამი და ამავე  კათედრის მკვლევარი ასისტენტი - ნადია მიულერიასევე, პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, რომელიც მოღვაწეობს, როგორც იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის, ისე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით.

გახსნაზე დაესწრნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები.