შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„Beauveria bassiana - "Bb007" - ის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში“

ა/წ  7 დეკემბერს, 15.00 საათზე   საქართველოს  აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი  კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო  გრანტების 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტი „Beauveria bassiana - "Bb007" - ის მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება  მავნე მწერების კონტროლისათვის  საქართველოში“, შიფრი 216766,  დასრულებული პროექტის პრეზენტაცია.   

ამჟამად, მთელ მსოფლიოში  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხო, ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებას  მავნე მწერების ინტეგრირებული მართვის საქმეში (IPM). ბიოლოგიური კონტროლის აგენტებიდან  (BCA), ენტომოპათოგენური სოკოები (ეპს) წარმოადგენს  ერთ–ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად მიკროორგანიზმებს მცენარეთა დაცვის საქმეში,  რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე, იწვევს მრავალი სახეობის  მავნე მწერის   რეგულარულ და დიდ  სიკვდილიანობას, არის ქიმიური პესტიციდების ალტერნატივა და  უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსათვის.

პრეზენტაციაში წარმოდგენილია პროდუქტი, ბიოლოგიური  პრეპარატი, რომელიც შექმნილია   ენტომოპათოგენური სოკოს Beauveria bassiana-ს ადგილობრივი შტამის საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, პირველად მოხდა შერჩეული აქტიური შტამის  Beauveria bassiana - Bb007  მასობრივი გამრავლება და მისი  ბიოფორმულაცია კომერციული მიზნებისათვის.

განხორციელდა, წარმოებულ ბიოლოგიური  პრეპარატის  - მიკოპესტიციდის,  რეგისტრაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სურსათის ეროვნულ სააგენტოში,     სავაჭრო ნიშანით -  Bover-Ge (ბოვერ–ჯი).  პრეპარატის წარმოება ხდებოდა კონსულტანტების  სტეფან იარონსკის (აშშ) და დიტრიხ შტეფანის (გერმანია) კონსულტაციის მეშვეობით. ახალი ბიოპესტიციდის შესახებ  მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას ფერმერებსა და  დაინტერესებულ პირებს.

ასევე პროექტის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიქმნა „მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი” - ავტორები: მედეა ბურჯანაძე, ქეთევან ქორიძე (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) სვეტლანა გულიი, ვლადიმერ გულიი (ვერმონტის უნივერსიტეტი,აშშ).  განმარტებითი ლექსიკონი არის პირველი წიგნი, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საქმეში, ქართულ ენაზე.

პრეზენტაციას დაესწრო  პროფესორი ვლადიმერ გული, ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-დან,  რომელიც  ეწვია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს აღნიშნული წიგნის წარდგენისათვის.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი

მედეა ბურჯანაძე