შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

”მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა“ .

2018 წლის 26 ნოემბერს, ორშაბათს,  15 საათზე ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფმა წარმოადგენს  შოთა რუსთაველის  - ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული დასრულებული პროექტი (#216732) -  ”მეწყრების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების ეკონომიური ტელემეტრული სისტემის შექმნა“ .

საქართველოს ტერიტორია ფართომასშტაბიანი გეოლოგიური პროცესების (მეწყრების და ღვარცოფების კერების რაოდენობა ჩვენთან 40 000 რიგისაა), მოსახლეობის ზრდის, ინტენსიური მიწათსარგებლობისა და მსხვილი საინჟინრო ნაგებობების დიდი რაოდენობის გამო, ეკუთვნის ურთულეს, მოწყვლად მაღალმთიან რეგიონებს მსოფლიოში. წარმოდგენილი ღვარცოფების/მეწყრების ადრეული შეტყობინების  სისტემის (აშს) პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიური და სანდო გეოფიზიკური მონიტორინგის ტელემეტრული კომპლექსის შექმნას ავტონომური კვებით (მზის ბატარეებით), რომელიც გვამცნობს კატასტროფული მოვლენის მოახლოებას და დაწყებას რადიოსიგნალების ან ინტერნეტის საშუალებით. ამ თითქოს და შეუთავსებელი მოთხოვნების - ეკონომიურობისა და სიზუსტის - დაკმაყოფილება შესაძლო გახდა ბოლო წლებში თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების წყალობით.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოწყობილობა არის დიაგნოსტიკური სისტემა, რომელიც მუდმივად იღებს ინფორმაციას, ადარებს მათ შეთანხმებულ კრიტერიუმებს (ნიადაგის ტენიანობის და დიფერენციალური აჩქარების კრიტიკულ მნიშვნელობებს) და იღებს გადაწყვეტილებას განგაშის ტელემეტრული სიგნალის გაგზავნაზე. დამუშავებულია ღვარცოფის/მეწყრის ინიცირების ალბათობის გაზრდის კრიტერიუმები სხვადასხვა დონეზე ავარიული სიგნალების გადმოსაცემად (სიწყნარე, ყურადღება, საშიშროება), ნიადაგის ტენიანობის, დახრების და დიფერენციალური აჩქარებების მონაცემების გამოყენებით. აწყობილია და გლდანის მეწყერზე ტესტირებულია დიფერენციალური აჩქარების, დახრების და ნიადაგის ტენიანობის გაზომვებზე დაფუძნებული საველე პირობებში მომუშავე ადრეული შეტყობინების სისტემის ქსელური პროტოტიპის მოდული.

ადრეული შეტყობინების სისტემის საველე სადგურის შემადგენელი ელემენტების ღირებულება შეადგენს  1300 $, რაც მნიშვნელოვნად უფრო იაფია, ვიდრე ბაზარზე არსებული დანადგარები.

აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით მიღებულია ჩვენი განაცხადი პატენტზე.