შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი "გურჯისტანის ვილაიეთის" საფუძველზე

2018 წლის 7 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, YS-2016-44 - "სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეტროსპექტული კარტოგრაფირება და სივრცითი ანალიზი "გურჯისტანის ვილაიეთის" საფუძველზე" პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელმა რომან მაისურაძემ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა პროექტის დასკვნით ეტაპზე მიღებული შედეგები. პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, სულ მალე (11.12.2018) სრულდება. კვლევა ეხებოდა XVI საუკუნის დროინდელი დოკუმენტის, "გურჯისტანის ვილიაიეთის დიდი დავთარის" მიხედვით რეტროსპექტული რუკების შექმნას, ასევე მის კომპლექსურ-გეოგრაფიულ ანალიზს. პროექტის ხელმძღვანელმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპების და ჩატარებული სამუშაოების შესახებ. პროექტი ხორციელდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მიმდინარეობის დროს მომზადდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თემატური გეოინფორმაციული სისტემები, რომელებიც რეგიონის XVI საუკუნის დროინდელიმდგომარეობას ასახავს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რამდენიმე ათეული თემატური რუკა, რომელიც ასახავს "გურჯისტანის ვილიაიეთის დიდ დავთარში" შესულ ინფორმაციას და ფაქტობრივად, წყაროს კარტოგრაფიულ, სივრცისეულ რეპრეზენტაციას წარმოადგენს. თემატური რუკები შეეხება დასახლებების, მიწის ფონდისა და სოფლის მეურნეობის, მოსახლეობისა და მათზე დაკისრებული გადასახადების თემებს. პროექტის განმავლობაში მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა თემებზე, რომელთა ნაწილი მომზადდა სამეცნიერო ნაშრომების სახით. მათგან ერთ-ერთ თემატიკაზე მომზადებული ნაშრომი წარდგენილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ხოლო ნაშრომების გამოქვეყნება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.

პროექტის ფარგლებში მომზადებულია მდიდარი და მრავალფეროვანი გრაფიკული შინაარსის მასალა, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა საფუძვლად დაედოს ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც კვლევის გაგრძელების შემდეგ შეიძლება მომზადდეს.