წესდება

წესდება

28/10/2015 16:07

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფონდი დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე, როგორც სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე. ფონდს მართავს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც შედიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭო პასუხისმგებელია ფონდის პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელების კონტროლზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  N 62

2010 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

”მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

  1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
  2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანდართული წესდება.
  3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) უფლებამონაცვლე.
  4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

დ. შაშკინი

დანართი (21.04.2015 N 39)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის  წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

  1. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ფონდის სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“. ფონდის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „Shota Rustaveli National Science Foundation“ (აბრევიატურა-SRNSF). (1.12.2015 N 157/ნ)
  2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ფონდს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
  3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
  4. სტრუქტურული თვალსაზრისით ფონდი შექმნილია სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, განუსაზღვრელი ვადით.
  5. ფონდი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  6. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ფონდის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და ამდაგვარი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული სხვა რეკვიზიტები.
  7. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის №1.

მუხლი 2. ფონდის მიზნები 

  1. ფონდის ძირითადი მიზანია საგრანტო სისტემის გზით მეცნიერების დაფინანსება და მეცნიერებაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
  2. ფონდის მიზნებია:

ა) მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;

ბ) მეცენიერების სისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისათვის აუცილებელი დაფინანსების გაცემა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში;

გ) სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი და საჯაროობის უზრუნველყოფა;

დ) მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;

ე) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევებისა და საგანმანათლებლო (აკადემიური უმაღლესი განათლების მე-2 და მე-3 საფეხური) პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით.

მუხლი 3. ფონდის ამოცანები

ფონდის ამოცანებია:

ა) ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღების მიზნით, სამეცნიერო სფეროს ფუნდამეტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერა;

ბ) საქართველოს ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე შედარებითი კვლევების მხარდაჭერა;

გ) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის/ინტეგრირების მიზნით სადოქტორო სკოლების ჩამოყალიბების ინსტიტუციური მხარდაჭერა;

დ) მეცნიერების პოპულარიზაცია უწყვეტი განათლების („სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში“) ჩარჩოში;

ე) ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემუშავებასა და დანერგვაზე ორიენტირებულ, საქართველოში არსებულ სამთავრობო, არასამთავრობო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი პროგრამების მეშვეობით;

ვ) სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების ან/და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე, ეკონომიკურ (კომერციულ) მოგებაზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) მიზნობრივი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებასა და მათ ინტეგრაციას ადგილობრივ სამეცნიერო ქსელთან;

თ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა საქართველოს მეცნიერთა და შესაბამისი დარგის სპეციალისტთა მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში.

მუხლი 4. ფონდის საქმიანობის საგანი 

დასახული მიზნებისა და ამოცანების გადასაწყვეტად ფონდი:

ა) ამტკიცებს და აქვეყნებს კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი საგრანტო პროექტების დაფინანსებას;

ბ) ახორციელებს პროექტების მიზნობრივ დაფინანსებას განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად;

გ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მათი პროდუქციის წარმოებაში დანერგვის მიზნით, აგრეთვე აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო–ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპერტო პოტენციალის გაზრდის მიზნით;

დ) ხელს უწყობს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვის პროცესს, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო–საკომუნიკაციო სივრცის ფორმირებასა და მსოფლიოს საინფორმაციო – საკომუნიკაციო სივრცეში მის ინტეგრირებას;

ე) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში მიღწევათა გამოფენებს, სემინარებს, კონგრესებს, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციებს და მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში, ხელს უწყობს მეცნიერთა გაცვლის პროცესს საკონკურსო წესით და მიზნობრივი დაფინანსებით;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;

ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარნგლებში აწარმოებს მოლაპარაკებას და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

თ) რეკომენდაციას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;

ი) ფონდი ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე შედარებითი კვლევების განვითარებას და შესაბამისი ცენტრებისა და პროგრამების დაარსების ხელშეწყობას;

კ) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბენეფიციარზე ერთჯერადად) ანიჭებს პრემიებს, ჰონორარებსა და სტიპენდიებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის;

ლ) ახორციელებს საქაროთველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. ფონდის მართვის ორგანოები და მათი საქმიანობის ხელშემწყობი შიდაორგანიზაციული მექანიზმი

  1. ფონდის მართვის ორგანოებია:

ა) სამეთვალყურეო საბჭო;

ბ) გენერალური დირექტორი.

  1. გენერალური დირექტორის, დირექტორის მოადგილეებისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) იურიდიული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ბ) სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტი;

გ) საფინანსო-ეკონომიკური და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

დ) შიდა აუდიტის სამსახური;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახური;

ზ) ტექნოლოგიური განვითარებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური;

თ) სამეცნიერო და სასწავლო ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახური.

  1. გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, რომლითაც განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს.

მუხლი 6. სამეთვალყურეო საბჭო

  1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის მართვის მიზნით შექმნილი კოლეგიალური ორგანო.
  2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრი;
  3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ფონდის გენერალური დირექტორის წარდგინებით; სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შესაძლებელია დაექვემდებაროს განახლებას შემადგენლობის 1/3-ით, დადგენილი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ;
  4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს გენერალური დირექტორი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.
  5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევენ საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან, ამავე საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
  6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
  7. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევის ინიცირების უფლება აქვს ფონდის გენერალურ დირექტორს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარს.
  8. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
  9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.
  10. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს სხდომის ოქმში.
  11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში, ასევე, უზრუნველყონ იმ კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.
  12. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის შემთხვევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფონდი უფლებამოსილია აანაზღაუროს მისი მგზავერობის (საერთაშორისო და ადგილობრივი), დროებითი საცხოვრებლისა და დღიური ნორმის ხარჯები (დღიური ნორმის ოდენობა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით); (1.12.2015 N 157/ნ)
  13. სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაში შედის:

ა) ფონდის სამოქმედო გეგმების (სტრატეგიის), საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ასევე, მათში შესატანი ცვლილებების განხილვა და დამტკიცება;

ბ) ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა;  (1.12.2015 N 157/ნ)

გ) გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და შეფასება;

დ) აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების და დასკვნების გაცნობა;

ე) გენერალური დირექტორის საქმიანობის კონტროლი და გაწეული საქმიანობის თაობაზე მისი ანგარიშის მოსმენა;

ვ) ამ წესდებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

  1. საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში: (1.12.2015 N 157/ნ)

ა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნით;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეკრების ტექნიკური, ფინანსური ან/და სხვა გონივრული შემაფერხებელი მიზეზით განუხორციელებლობისას, ფონდის გენერალური დირექტორის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

  1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის გამართვა დისტანციური ელექტრონული ფორმატით გულისხმობს: (1.12.2015 N 157/ნ)

ა) სხდომის დღის წესრიგის, განხილვის ადგილის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალების წინასწარ (2 კალენდარული დღით ადრე) გადაგზავნას საბჭოს წევრებისათვის მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გაცნობის მიზნით;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ინტერნეტის („სკაიპის“ ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის) საშუალებით, თანაბარი წვდომით მონაწილეობას საბჭოს სხდომაში;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვის შემდგომ საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის გამართვის დღიდან 5 სამუშაო დღის მანძილზე ეგზავნება მონაწილე საბჭოს წევრებს ელექტრონულ მისამართზე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული საბჭოს მონაწილე რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს  თავისი განსხვავებული აზრი დაფიქსირდეს  სხდომის ოქმში;

ე) საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვისას მონაწილეობა მიიღონ განხილვაში საბჭოს შეკრების ადგილზე მისვლით ფონდის შენობაში;

  1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომიების დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვას ორგანიზებასა და ტექნიკურ მარდაჭერას ახორციელებს ფონდი. (1.12.2015 N 157/ნ)

 

მუხლი 7. გენერალური დირექტორი 

  1. ფონდის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). ერთი და იგივე პირი ფონდის გენერალური დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  2. გენერალური დირექტორი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, განკარგავს ფონდის სახსრებს, პასუხს აგებს ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ფონდის ქონებასა და მისი ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

ბ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

დ) მინისტრთან შეთანხმებით არა უმეტეს საკუთარი უფლებამისილების ვადით, თანამდებობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური დირექტორის მოდგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს.

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;

ზ)  ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სამუშაო აღწერილობებს.

თ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და ექსპერტები;

ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეებსა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

კ) უცხოურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ლ) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბენეფიციარზე ერთჯერადად) ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს;

მ) კონკურსების მარეგულირებელი აქტების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროექტის დაფინანსების თაობაზე;

ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს, ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს;

ო) საგრანტო კონკურსების პირობებთან საგრანტო განაცხადების შესაბამისობის დადგენისათვის, საჭირო ტექნიკური ექსპერტიზის განსახორციელებლად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ფონდის თანამშრომელებთან ერთად, შესაძლებელია შედიოდეს მოწვეული სპეციალისტი/სპეციალისტები.  (1.12.2015 N 157/ნ)

პ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და განახლების, ან პირობების ცვლილებების თაობაზე, ხოლო საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე.

ჟ) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი  სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე ამტკიცებს ხარვეზის გამოსწორების ვადას. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების ვადის მოქმედების პერიოდში, ასევე დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საგრანტო პროექტის დაფინანსება ავტომატურად ითვლება შეჩერებულად;

რ) სამეთვალყურეო საბჭოს და სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;

ს) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ტ) სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ფონდის საქმიანობის სტრატეგიის და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პროექტს, განსახილველად;

უ) სამეთვალყურეო საბჭოს და შემდგომ – სამინისტროს  წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;       

უ1) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს და/ან ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს;  (1.12.2015 N 157/ნ)

ფ) მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს  სხდომებში ხმის უფლების გარეშე;

ქ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიებს და სხვა სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათ მუშაობის წესს;

ღ) ახორციელებს ამ წესდებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. გენერალური დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოსა და სამინისტროს წინაშე.
  2. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ფონდის საშტატო ნუსხით. გენერალური დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის წინაშე.
  3. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები 

  1. ფონდის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე, ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
  2. სამინისტრო უფლებამოსილია, ფონდისგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
  3. ფონდმა, სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა (პრემია) და სახელფასო დანამატისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია ფონდის ქონებასთან, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

  1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობაც.
  2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე სამეთვალყურეო საბჭოს და სამინისტროს უარი უნდა იყოს დასაბუთებული.

მუხლი 9. ფონდის ქონება და დაფინანსების წყაროები 

  1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური და არამატერიალური (პატენტები, საავტორო უფლებები, ლიცენზიები) ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
  3. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;  (1.12.2015 N 157/ნ)

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები, მათ შორის, მიზნობრივი გრანტები;

გ) იურიდიული და ფიზიკური პირების, მათ შორის, ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

  1. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
  2. ფონდი, კანონმდებლობთ დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს სამინისტროს. (1.12.2015 N 157/ნ)
  3. ფონდის წლიურ ბალანსსა და ფონდის საქმიანობის სხვა მიმართულებებს, ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 

  1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

მუხლი 11. ფონდის წესდებაში ცვლილების/დამატების შეტანის წესი 

ფონდის წესდებაში ცვლილება შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

  1. 2014 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები) შედეგად გამარჯვებული საგრანტო განაცხადების დამტკიცება განხორციელდეს ჩამოთვლილი საგრანტო კონკურსების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებისა და ამ აქტების საფუძველზე გამოცემული ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
  2. ფონდის სამეცნიერო საბჭოს თავის უფლებამოსილება შეუწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების შესრულებისთანავე;
  3. 2014 წლის ჩათვლით ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ საგრანტო განაცხადების ავტორებთან გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები განხორციელდეს ფონდის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე.
  4. 2014 წლის ჩათვლით ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების ვადის დადგენა, შეწყვეტა ან შეწყვეტაზე უარის თქმა განისაზღვროს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.