სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/daskvna.JPG

დასრულდა ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი

09/02/2018 13:02

დასრულდა ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის  საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი საქათველოში, რომელიც ხუთი დღე მიმდინარეობდა. საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხების გაცნობის, განხილვისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ექსპერტთა პანელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრები ჩაატარა საქართველოს კვლევითი ინსტიტუციების, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, კერძო სექტორის, სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ახალგაზრდა მკვლევრებთან, ფონდის გრანტიორებთან და  საქართველოს სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების სხვა წრეებთან. კვლევისა და ინოვაციის სფეროში გარემოების უკეთ გაცნობის მიზნით, ექსპერტთა პანელი ადგილზე ეწვია რამდენიმე კვლევით ცენტრს და ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ალექსანდრე თევზაძესთან, საქათველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ეკატერინე მიქაბაძესთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბატონ გიორგი ზვიადაძესთან,  საქართველოს პარლამენტის განათლებისა და  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მარიამ ჯაშთან.

 სამუშაო შეხვედრებზე დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგი საკითხების შესახებ:

  • მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება;
  • მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
  • შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემები. 

საერთაშორისო ექსპერტებმა წარადგინეს თავიანთი პირველი ვიზიტის შედეგად თავმოყრილი და გაანალიზებული ინფორმაცია პრეზენტაციის ფორმატით და სთხოვეს დამსწრე საზოგადოებას მოსაზრებების გამოთქმა, დისკუსიაში ჩართვა და დამატებით კომენტარების გაზიარება საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის შესახებ უფრო ვრცელი და სათანადო ინფორმაციის მიღების მიზნით.

ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის  საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული საბოლოო ანგარიში / სარეკომენდაციო დოკუმენტის გაზიარება ფართო საზოგადოებისათვის დაგეგმილია მმიმდინარე წლის ივნისის თვეში.