სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/elsevier.JPG

გამომცემლობა ELSEVIER -ის სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

28/09/2017 16:51

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სემინარები საქართველოს მეცნიერთათვის ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომასთან დაკავშირებით, კერძოდ, კი SCOPUS-ისა და  Scival-ის ბაზების შესაძლებლობებზე.

ELSEVIER - მსოფლიოს წამყვანი ონლაინ გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამეცნიერო კვლევების, გადაწყვეტილებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მეცნიერთათვის. ბაზა აერთიანებს 2 500-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალსა და 33 000-ზე მეტ წიგნს, მოიცავს მსოფლიოში გამოქვეყნებულ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას: წიგნების თავებს, აბსტრაქტებს, რეფერატებს, ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ძირითადად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამედიცინო მეცნიერებებში, საინჟინრო მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში. სამეცნიერო ბაზები ასევე, ნაწილობრივ მოიცავს  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებსაც. 

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საერთაშორისო გამომცემლობა ELSEVIER-თან 2014 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფონდსა და ELSEVIER-ის გამომცემლობას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის  საფუძველზე 2014 წლის მაისიდან საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ ELSEVIER-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით. 

ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ინსტიტუციას:

  •  14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მათთან გაერთიანებული სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებს;
  •  3  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;
  •  1 სამეცნიერო ინსტიტუტს;
  •  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;
  •  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;
  •  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. 

სემინარის შედეგად, დაინტერესებული პირები შეძლებენ SCOPUS-ის ბაზაში სამეცნიერო პროდუქტიულობის სტატისტიკუსი ანალიზის წარმოებას, ჟურნალებისა და პუბლიკაციების მნიშვნელობის მაჩვენებლის განსაზღვრას. სემინარი დაეხმარება მკვლევრებს მოიძიონ მათთვის საინტერესო შრომები და ავტორები, რომელთაც მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებელი აქვთ. ასევე, შეძლებენ საკუთარ პუბლიკაციებზე ციტირების მონიტორინგს. რაც შეეხება ახალი პროდუქტის - Scival-ის პრეზენტაციას - გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ბაზაში მუშაობის სპეციფიკას და შესაძლებლობებს.  

სემინარებს წარუძღვნენ კრიშტოფ ჟიმანსკი (გამომცემლობა Elsevier-ის მომხმარებელთა კონსულტანტი-კვლევის მართვა) და ანდრეი ლოკტევი (გამომცემლობა Elsevier-ის მონაცემთა ანალიზის კონსულტანტი).

სემინარი გახსნილი იყო, როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც ფონდის ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირდებოდნენ ღონისძიებაზე.