მისია, მიზნები, ამოცანები

მისია, მიზნები, ამოცანები

28/10/2015 16:06

ფონდის შესახებ

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას. ფონდის ხედვა და სტრატეგია შეესაბამება საქართველოს მთავრობის  მიერ შემუშავებულ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“, საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმასა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მიმართულებით.

 ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. SRNSFG ადმინისტრირებას უწევს 20-ზე მეტ საკონკურსო პროგრამას, მათ შორის, 15 ეროვნულ, 10-მდე საერთაშორისო ბილატერალურ კონკურსს და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ 2  მულტილატერალურ პროექტს (Black See Horizon, EaP PLUS).

ფონდს ჰყავს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის  წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთანავე, საბჭო  ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.

ფონდი აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებას EUROSTAT-ისა და OECD-ის კლასიფიკატორის შესაბამისად:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები.

დამატებით, მთლიანი წლიური პროგრამული ბიუჯეტის 10%-ის ფარგლებში, ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს სამეცნიერო პროექტებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებაში.

ფონდის 2017 წლის ბიუჯეტი 31 095 000 მილიონი ლარია. 2018 წელს იგეგმება ბიუჯეტის 7%-იანი ზრდა.

 

ფონდის ხედვა და მისია

 

ფონდის სტრატეგიული ხედვაა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში  და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სწრაფ სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში.

ფონდის მისიას წარმოადგენს: ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის  გაზრდის უზრუნველყოფით ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა და  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების ხელშეწყობა.

 

ფონდის მიზნები და პრიორიტეტები:

 

  • საუკეთესო, გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოში

ფონდი აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო პოტენციალის მქონე და ინოვაციურ ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევით პროექტებს ყველა სამეცნიერო მიმართულებაში. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში კვლევებისა და პროგრამების განვითარება, მათი  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში პოპულარიზაცია.  ფონდი ხელს უწყობს  უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა კვლევით პროექტებში მონაწილეობას  და რეპატრიაციას ასევე  სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განახლებას. მიზნობრივი კონკურსების ორგანიზების გზით ფონდი უზრუნველყოფს საქართველოში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევის  მნიშვნელობის ზრდასა და მეცნიერების პოპულარიზაციას, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ასევე ფართო საზოგადოებაში.

 

  • საქართველოს მეცნიერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ახალგაზრდა მკვლევართა შესაძლებლობების განვითარება

ფონდი ხელს უწყობს  ახალგაზრდა მეცნიერთა: პოსტ-დოქტორანტების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და რეზიდენტურის სტუდენტების კვლევითი შესაძლებლობების  განვითარებას და სამეცნიერო პროექტებში მათ აქტიურ ინტეგრირებას.  ფონდი აგრეთვე მხარს უჭერს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა აქტიურ ჩართულობას, მათი საერთაშორისო მობილობის, საქართველოში განხორციელებული აქტუალური და ინოვაციური კვლევების შედეგების საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებებზე წარდგენისა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სეზონური სკოლების ორგანიზების გზით.

 

  • მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება

ევროკავშირისა და აზიის წამყვანი ქვეყნების ეროვნულ სამეცნიერო ფონდებთან და ცენტრებთან თანამშრომლობით ბილატერალური და მულტილატერალური პროგრამების მეშვეობით ფონდი ხელს უწყობს საქართველოში მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და საქართველოს მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ჩართულობას. 2016 წლიდან, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა "ჰორიზონტი 2020"-თან საქართველოს ასოცირების საფუძველზე ფონდის მიერ ყოველწლიური საწევრო გადასახადის გადახდა, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მეცნიერებსა და ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერებისა და ინსტიტუციების იდენტური პირობებითა და უფლებებით მიიღონ მონაწილეობა H2020-ის პროგრამებსა და კონკურსებში. ასევე, ფონდის მიერ წლიური საწევრო გადასახადების უზრუნველყოფის გზით საქართველოს მეცნიერები მონაწილეობას იღებენ ისეთ საერთაშორისო კვლევითი ცენტრების პროექტებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია (CERN) და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (JIUR DUBNA). 2015 წლიდან ფონდი კოორდინაციას უწევს 21 ინსტიტუციისგან შემდგარი კონსორციუმისთვის საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER-ის ელექტრონულ ბაზებთან (ScienceDirect, Scopus) წვდომის უზრუნველყოფას და ასევე, ELSEVIER-ის ბაზაზე აფინანსებს 2 ქართული ჟურნალის (Transactions of A. Razmadze Mathematical Institute, Annals of Agrarian Sciences) გამოცემას. 2017 წლიდან ფონდი 15 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმისთვის დამატებით განახორციელებს   Clarivate Analytics-ის (ყოფილი Thomson Reuters) ბაზებთან და ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან (Web of Science, Derwent Innovation) წვდომას.

 

  • მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის დაფინანსების დივერსიფიცირების ხელშეწყობა

ფონდი საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში აქტივობისა და წარმატების პოტენციალის გაზრდის მიზნით ახორცილებს მიზნობრივ საგრანტო პროგრამებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის, ასევე სხვა საერთაშორისო პროგრამების შესახებ სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ფონდების მოზიდვის უნარების განვითარებას ტრენინგებისა და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით, მხარს უჭერს ტრანსლაციური ინტერ-სექტორული, ინტერ-დისციპლინური და ინტერ-ინსტიტუციური კვლევების განვითარებას.

2015 წლიდან ფონდი არის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში (H2020) შემავალი ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. ERC-ის მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევების განხორციელებას ევროპაში და მხარი დაუჭიროს ძიებაზე ორიენტირებულ მოწინავე კვლევებს ყველა სფეროში, სამეცნიერო გამორჩეულობის გათვალისწინებით. ფონდი 2018 წლიდან გასცემს დამატებით მოსამზადებელ გრანტებს  H2020-ის პროგრამებისთვის პროექტების წერის წასახალისებლად და საქართველოს მეცნიერთა სამეცნიერო პროდუქტიულობის ასამაღლებლად.

 

ფონდის ამოცანები და პროგრამები

  • გამორჩეული პოტენციალის ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების დაფინანსება;
  • ადგილობრივი ინსტიტუციების სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან კვლევით უნივერსიტეტებსა და ცენტრებში;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და აკადემიურ სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • ბილატერალური საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება: ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების, მობილობისა და სამეცნიერო ინიციატივების დაფინანსება, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო - კვლევით ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფა;
  • მეცნიერების პოპულარიზაცია;
  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში და სხვა საერთაშორისო პროგრამაში საქართველოს მეცნიერთა და ინსტიტუციების მონაწილეობის გაზრდისა და საერთაშორისო ფონდების მოზიდვის ხელშეწყობა; ტექნოლოგიური ტრანსფერის ხელშემწყობი (ტრანსლიაციური), ინტერდისციპლინური, ინტერ-ინსტიტუციური და ინტერ-სექტორული (კვლევითი უნივერსიტეტებს/ცენტრებსა და ინდუსტრია/ბიზნეს/საჯარო სექტორს/არასამთავრობო სექტორს შორის) კვლევების ხელშეწყობა.