გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_8702%20%5B800x600%5D_1.JPG
22/05/2018 15:48

ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში

2018 წლის 19-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით,  ჩატარდა კონფერენცია - “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში“ (“Human Genome and Health – First International Conference in Georgia”). კონფერენცია დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა  გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება დაა თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების გაზიარება.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი ესპერტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ლუვენის უნივერსიტეტიდან (ბელგია); კარდიფის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი); მეიოს კლინიკიდან (აშშ); სკრიპსის უნივერსიტეტიდან (აშშ); ლუნდის უნივერსიტეტიდან (შვედეთი); სტენფორდის უნივერსიტეტიდან (აშშ); რადბაუდის უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები); ერევნის უნივერსიტეტიდან (სომხეთი) და ა.შ. კონფერენცია შედგებოდა ხუთი პლენარული სესიისგან, რომელზეც  განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: - თანამედროვე სამედიცინო გენეტიკური ტესტების ჯანდაცვის სფეროში გამოყენებასთან- დაკავშირებული პრობლემები; - მოსახლეობის გენეტიკური, კერძოდ კი რეცესიული დაავადებების მატარებლების სკრინინგი, ასევე, სამედიცინო გენეტიკური ტესტების შეფასების მეთოდი, რომელიც გენეტიკური ტესტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად ჯანდაცვის სფეროში ხშირად გამოიყენება; - ეთიკური პრობლემები სამედიცინო გენეტიკაში, კერძოდ, სეკვენირების შედეგად მოულოდნელად მიღებული ინფორმაციის (incidental/secondary findings) მენეჯმენტის პრობლემები; - გენომური დიაგნოსტიკის როლი იშვიათი ქრომოსომული ანომალიების დასადგენად; - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების შეფასებაში; - საქართველოში მიმდინარე კვლევები, რომელიც შეეხება სიმსივნის გენეტიკას და ეპიგენეტიკას; - მემკვიდრული თრომბოფილია და პერსონალიზებული მედიცინა საქართველოში; - სპონტანური აბორტების გენეტიკური ფაქტორების როლი საქართველოში; - შემდგომი თაობის სეკვენირების აპლიკაციების როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში; - ქრონიკული ტკივილის და ანთებითი დაავადებების ეპიგენეტიკური პროფილი და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები; - უჯრედული სიკვდილი და დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებები და პრეკლინიკური კვლევის ეფექტური ტრანსლაცია კლინიკურ პრაქტიკაში; - ღეროვანი უჯრედების კლინიკური პოტენციალი და სხვა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოზირებისას. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ Face2Gene პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ხდება პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის პორტალში შეყვანა. აღნიშნული პროგრამა ალგორითმების მეშვეობით ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/%D0%91%D0%B5%D0%B7%20%D0%B8%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%B8-1.jpg
18/05/2018 16:32

შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში

7 მაისს, 16:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის " შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში" საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. პროექტის მონაწილეებმა საზოგადოებას გააცნეს ჩატარებული საქმიანობა და კვლევის შედეგები. კატალოგში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც X-XVIII საუკუნეებში იქმნებოდა თუ ინახებოდა უცხოეთში, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიის სამონასტრო ცენტრებში: ისტორიულ პალესტინაში, ბითვინაში, ათონზე, კონსტანტინოპოლში, ანტიოქიის რეგიონსა და ბალკანეთში. კატალოგში წარმოდგენილია უცხოეთში გადაწერილი ცალკეული ხელნაწერის ერთი ან ორი გვერდის ფოტო, რომელსაც ახლავს ხელნაწერის მოკლე კოდიკოლოგიურ - პალეოგრაფიული აღწერილობა, ანდერძ - მინაწერები, რომლებშიც მოცემულია ცნობები გადაწერის ადგილისა თუ თავდაპირველი ადგილმდებარეობის შესახებ, ინფორმაცია გადამწერთა, შემმოსველთა და მომგებელთა შესახებ და სხვ. შესავალში შეძლებისდაგვარად გაცემულია პასუხი კითხვაზე: როგორ მოხვდა ესა თუ ის ხელნაწერი საქართველოში, რა გზა გამოიარეს ამ ხელნაწერებმა, ვიდრე საქართველოს დღევანდელ მუზეuმებსა თუ წიგნთსაცავებში დაიდებდნენ ბინას? ნაშრომი დაეხმარება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევრებს, ბიზანტინისტებსა თუ ორიენტალისტებს, შუა საუკუნეების ხელნაწერებთან, ასევე, სამონასტრო - სამწიგნობრო კერებთან დაკავშირებული საკითხების კვლევაში; ხელს შეუწყობს მკითხველს, გაიცნოს შორეული წარსულის ქართველთა მწოგნობრული საქმიანობა, შეიგრძნოს ძველი ხელნაწერებისა და მათი ისტორიების ხიბლი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1_2.jpg
15/05/2018 09:28

პრეზენტაცია

14 მაისს საქართველოს ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და განვითარების პერსპექტივები“ (მონოგრაფია) პრეზენტაცია. კახეთის ტრადიციული სამეურნეო ყოფა ესადაგება რეგიონის გეო-კლიმატურ დარაიონებას და სოფლის მეურნეობის დარგები ბარის, მთისწინა და მთის ზონების თავისებურებათა შესაბამისად იყო და  არის განვითარებული. მე-20 საუკუნის 90-იან  წლებში საქართველოში განხორციელებულმა არასწორმა აგრარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სოფლის მეურნეობის განვითარება. კახეთის რეგიონში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში მოიშალა სოფლის ინფრასრუქტურა, მწყობრიდან გამოვიდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები და საირიგაციო სისტემა, გაძვირდა სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო მასალები და სხვ. ინსტიტუციური რეფორმების 20-წლიანმა პერიოდმა ვერ შექმნა სოფლის განვითარებისათვის ხელსაყრელი სოციალური და ეკონომიკური გარემო.  კახეთის რეგიონში ძირითადად წვრილი და საშუალო ფერმერული მეურნეობებია წარმოდგენილი. შედარებით მცირეა იმ ფერმერთა რიცხვი, ვინც სოფლის მეურნეობას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით აწარმოებს.  რეგიონში სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  ფერმერთა   კოოპერირება, რაც დღეისათვის ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ტენდენცია მზარდია. სოფლის მეურნეობის წინსვლას სერიოზულად აფერხებს სახელმწიფოს მხრიდან სამეურნეო მიწების განაწილების არასწორი სტრატეგია. ამასთან ერთად, სახეზეა წარმოების ორგანიზაციისა და მართვის დაბალი დონე, მოძველებული ტექნიკა, მოუვლელ-მოუწესრიგებელი სახნავ-საძოვრები,  უხარისხო სათესლე პროდუქცია, ვეტერინარულ ღონისძიებათა ეფექტურობის სისუსტე, ვეტერინალური ლაბორატორიების არარსებობა  და სხვ. თუმცა, ბოლო წლებში ამ პრობლემათა მოგვარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. სოფლის მეურნეობა განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას,  რისი დაძლევის პერსპექტივასაც  გარკვეულწილად  სახავს რეგიონში არსებული მაღალტექნოლოგიურ დონეზე მოწყობილი სასოფლო სამეურნეო   პროფილის პროფესიული კოლეჯების არსებობა.   კახეთს, მისი უნიკალური გეო-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა გახდეს ბიო-პროდუქციის სერიოზული მწარმოებელი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი საზღვარგარეთის ბაზარზე, რისთვისაც პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. პროექტის  შედეგებს   აქვს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღირებულება. ის შესაბამისი დარგების (სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის...) თეორეტიკოსებს და პრაქტიკოსებს საჭირო სამეცნიერო ინფორმაციით უზრუნველყოფს და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად   სახელმწიფო ორგანიზაციებს თეორიულ საფუძველს შეუქმნის, ხოლო კახეთის რეგიონის სამეურნეო პოტენციალის გონივრულად გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტია გახდება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1_1.jpg
10/05/2018 10:19

კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა

3 მაისს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული სამწლიანი პროექტის - "კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა" შედეგების პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში პირველად ჩატარდა აჭარის რეგიონში გავრცელებული იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი სახეობების ინვენტარიზაცია ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით, შეიქმნა მონაცემთა ბაზა, მომზადდა სახეობების არეალების ამსახველი რუკები, მომზადდა საიტი ( www.forestgenresources.ge ) ქართულ და ინგლისურ ენებზე. კვლევის პროცესში დამუშავდა და გამოვლინდა მაღალ კონსერვაციული ღირებულების ტყის 5 უბანი, მომზადდა  რეკომენდაციები  IUCN-ის მიხედვით შედგენილი წითელი ნუსხის კორექტირებისთვის. კვლევის შედეგებით განახლებული იქნა ინფორმაცია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მექნიანი სახეობების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია, როგორც კოლხეთის ტყის რელიქტური, ენდემური სახეობები და როგორც ბიომრავალფეროვნების უნიკალური ელემენტები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/xelosnoba.jpg
07/05/2018 21:41

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე

2018 წლის 4-5 მაისს,  საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის  გამართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე.” კონფერენცია მიეძღვნა იმ პროცესებისა და მოვლენების  ინტერდისციპლინარულ კონტექსტში გაანალიზებას, რომლებმაც განაპირობა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელოსნური ნაწარმის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კატეგორიიდან, მაღალი ხელოვნების ნიმუშებად ტრანსფორმაცია. კონფერენცია გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/5%20maisi%20.jpg
07/05/2018 21:40

გამოფენა - “კოლონიალურიდან ეროვნულ მუზეუმამდე 2013-2018“

5 მაისს, 18:00 საათზე  ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა „კოლონიალური პოლიტიკიდან  ეროვნულ მუზეუმამდე 1913-2018“, რომელიც ასახავდა სამწლიანი კვლევის ანგარიშს,  წიგნისა და კატალოგების პრეზენტაციას და   ეძღვნება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების 105 წლისთავს. გამოფენა წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ნაწილს და ითვალისწინებს მუზეუმის საგამოფენო სივრცეების გადააზრებას მისი განვითარების ყველა ეტაპისა და მხატვრული ტენდენციების საექსპოზიციო სივრცეებში ასახვით. მუზეუმის სხვადასხვა სივრცეებში წარმოდგენილი იყო ექსპონატები და საარქივო მასალები, რომლებიც მუზეუმის რთულსა და საინტერსო ისტორიას გვიამბობს რუსეთის იმპერიის ეპოქიდან დაწყებული ახალი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდით დამთავრებული. გამოფენა გამდიდრებული იყო ახალი ექსპონატებით და თემატურად  აერთიანებდა არა მხოლოდ დროებით, არამედ მუზეუმის მუდმივ საგამოფენო სივრცეებსაც, ასევე ბიბლიოთეკასა და  საგანმანათლებლო სივრცეებს, ეზოს, სადაც ექსპონატები წარმოდგენილია ქრონოლოგიური და თემატური თანმიმდევრობით რომელიც აერთიანებს რუსეთის იმპერიის დროს დაარსებული კავკასიის შინამრეწეველობის კომიტეტისა და მუზეუმის (1899-1917), დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921), საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (1921-1991) და დამოუკიდებელი საქართველოს  (1991-დღემდე) დროის მონაკვეთებს. ეს ის ისტორიული პერიოდებია, რომელშიც მუზეუმს მოუხდა არსებობა და სადაც  პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებების, სირთულეების მიუხედავად, მან შეინარჩუნა თვითმყოფადობა, კოლექციები და რუსეთის იმპერიის მუზეუმიდან  ქართულ ეროვნულ მუზეუმად გარდაიქმნა. გამოფენის კურატორი: ირინე კოშორიძე,  საექსპოზიციო დიზაინი - ნინო ყიფშიძე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/20180502_183448.jpg
04/05/2018 10:41

„შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთისანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)“

2018 წლის 2 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის: „შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთისანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)“  საბოლოო  შედეგების და მონოგრაფიის  პრეზენტაცია.  შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ისტორიის დოქტორი, ნინო ღამბაშიძე და ამავე ინსტიტუტის არქივის პასუხისმგებელი პირი, პროექტის მონაწილე, ნიკოლოზ გურგენიძე. პროექტი ითვალისწინებდა ინსტიტუტის არქივში დაცული გრაფიკული ანაზომების დამუშავება-დიგიტალიზაციას და კომპიუტერული ბაზის შექმნას. ასევე, ანაზომებზე მოცემული საკულტო ნაგებობების ერთი ნაწილის შესწავლას ძველი და ახალი მონაცემების, გამოუქვეყნებელი ეთნოგრაფიული მასალების  მეშვეობით. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაცულია მრავალი გრაფიკული ანაზომი. ამ მასალის მოცულობის გამო, შერჩეული იყო მხოლოდ ის სამი რეგიონი, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი ეთნოლოგიური კუთხით. ესენია: გუდამაყარი, ხევი, თუშეთი. 19 პარამეტრის მიხედვით დამუშავდა 275 ერთეული გრაფიკული ანაზომი და შეიქმნა კომპიუტერული ბაზა. დამუშავების პროცესში, არქივში აღმოჩნდა 1 უცნობი გრაფიკული ანაზომი და 4 სწორად იქნა იდენტიფიცირებული. გაიშიფრა ზოგიერთი გრაფიკული ანაზომის შემსრულებელი არქიტექტორის სახელი და გვარი. სამწლიანი კვლევითი სამუშაოები გამოიცა მონოგრაფიის სახით. მონოგრაფიის ერთი ნაწილი დაეთმო გრაფიკული მასალის აღწერას. მეორე ნაწილში ძველ და თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია გუდამაყრის, ხევის, თუშეთის სალოცავები. სამივე კუთხის მთავარი სალოცავის (პირიმზე ფუძის ანგელოზი, გერგეტის სამება, ლაშარი) და მათი დღესასწაულების  შესწავლისას, გამოიყო სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთნ დაკავშირებული ფენები, კერძოდ: წინა ქრისტიანული და ქრისტიანული, რამაც შესაძლებელი გახადა გარკვეულწილად, ეთნოგრაფიული მასალის დათარიღება. ქართველთა სარწმუნოების ისტორიაში გამოიყო ახალი, დღემდე უცნობი პერიოდი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის შემოღებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება დღესასწაულ ათენგენობის რაობის შესახებ. მონოგრაფიაში ცალკე თავი აქვს დათმობილი წმ. გიორგის სალოცავებს. ამ თავში პირველად გამოიცა ვერა ბარდაველიძის გუდამაყრისა და ხევის მასალები. მონოგრაფიის რედაქტორმა, ისტორიის მეცნიერებათ დოქტორმა, პროფესორნა ნინო მაისურაძემ შეაფასა მონოგრაფია და აღნიშნა მისი მნიშვნელობა. დამსწრეებმა გამოთქვეს აზრი და აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა სამ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე (ლონდონში, ვარშავასა და თბილისში) და გამოქვეყნდა 3 სტატია. აქედან 1 რეცენზირებად ჟურნალში , ხოლო მეორე ელექტრონულ კრებულში, რომელიც განთავსდა ინტერნეტში. მესამე სტატია შევიდა საერთაშორისო კონფერენციის მასალების კრებულში. ადგილობრივ სამეცნიერო კრებულში გამოიცა 6 სტატია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31655535_2112792212289018_1932574346480451584_o.jpg
03/05/2018 14:54

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა მორიგი გამარჯვება

27 აპრილს, ვილნიუსის(ლიტვა) უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტზე  გაიმართა რიგით 23-ე კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“ IVUS 2018.   IVUS არის ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ტარდება 1995 წლიდან ლიტვაში წარმატებული უნივერსიტეტების მიერ: Vilnius University Kaunas Faculty, Kaunas University of Technology და Vytautas Magnus University. წელს კონფერენციას ესტუმრნენ მომხსენებლები 15 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები, შემდეგი შემადგენლობით; მაქსიმ იავიჩი - SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, მელქისსადეგ ჯინჯიხაძე - აკ. წერეთლის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუდენტთა საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი და გიორგი იაშვილი - SCSA-ს პროექტ -მენეჯერი. კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლები წარსდგნენ ორი მოხსენებით.  ორივე თემის შედეგი იყო მიღებული შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინაში მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი პროექტის (მტცუ) ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ  ერთმა მოხსენებამ მიიღო საუკეთესო ნამუშევრის წოდება, რის შედეგად გუნდმა საქართველოდან მიიღო პირველი ადგილი და ჯილდო. თემის სათაური არის „Hash based digital signature scheme with integrated TRNG“, მისი ავტორები არიან: მაქსიმ იავიჩი, ავთანდილ გაგნიძე და გიორგი იაშვილი. ღონისძიებაში ჩართული 15 ქვეყნის(ლიტვა, პოლონეთი, იტალია, ლატვია, თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ეგვიპტე, საქართველო, ინდოეთი, ნიგერია, რუსეთი, საბერძნეთი, მაროკო, მოლდოვა)  38 მოხსენებიდან, გაიმარჯვა ნამუშევარმა საქართველოდან, რაც არის უდიდესი წარმატება, როგორც სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციისთვის, ასევე, სრულიად საქართველოსათვის. ორივე ნამუშევარი იქნება გამოქვეყნებული საერთაშორისო ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში. აგრეთვე ,კონფერენციის ფარგლებში იყო განხორციელებული ინტერაქტიული პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში პროფესორ მაქსიმ იავიჩის მიერ იყო ჩატარებული ლექციები პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების და კრიპტოგრაფიის თემაზე. ლექციებზე განხილულმა საკითხებმა გამოიწვია დიდი დაინტერესება საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/111_1.jpg
02/05/2018 11:22

კონფერენცია - „ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რეფორმა საქართველოში“

2018 წლის 1-ელ მაისს, 15:00  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2017 წელს დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის  პროექტის ფარგლებში. პროექტი 3-წლიანია და ამ ხნის  განმავლობაში რამდენიმე კონფერენციისა და სემინარის გამართვა იგეგმება. აღნიშნული კონფერენცია პირველია პროექტის ფარგლებში. კონფერენციაზე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ამ ეტაპისთვის განხორციელებული კვლევის წინასწარი შედეგების განხილვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/000.jpg
02/05/2018 10:19

,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“

2018 წლის 1 მაისს  საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის I კორპუსის №222 აუდიტორიაში   ჩატარდა სამეცნიერო გრანტ   №FR/35/9-120/14  ,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“  საბოლოო  შედეგების  პრეზენტაცია. მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ემერიტუს-პროფესორი შალვა გაგოშიძე. პროექტის ფარგლებში შემუშავებულია  ზღვის სანაპირო არეებსა და სამდინარო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში წყლის პერიოდულ ტალღურ მოძრაობათა ისეთი ჰიდროდინამიკური თეორია,  რომელიც   გამოირჩევა   მაღალი სიზუსტით და ამავე დროს, ადვილი მისაწვდომია   მისი შედეგების პრაქტიკაში გამოყენების  თვალსაზრისით. თეორია ეფუძნება ტალღური ჰიდროდინამიკის სამგანზომილებიანი განტოლებების ამოსახსნელად კანტოროვიჩის პირდაპირი და ვენტცელ-კრამერს-ბრიულენის ასიმპტოტური WKB  მეთოდების გამოყენებას.  ამ ევოლუციური გზით გამოყვანილია  ნებისმიერი კუთხით დახრილ სანაპირო  ფერდობებზე ზღვის ტალღების რეფრაქციისა და ტრანსფორმაცის  საანგარიშო დამოკიდებულებები, ჩაწერილი ცილინდრულ საკოორდინატო სისტემებში,  რომლებიც საშუალებას იძლევა მარტივად  ვიანგარიშოთ ტალღურ მოძრაობათა პარამეტრები  და სიჩქარეთა სამგანზომილებიანი ველი   წყლის მიერ დაკავებული სივრცის ნებისმიერ წერტილში.  ამავე დროს, ტალღურ მოძრაობათა ჰიდროდინამიკაში პირველადაა   მათემატიკურად გამოკვლეული ციცაბოდ და უარყოფითად დახრილ სანაპირო ფერდობებთან ტალღების რეფრაქციისას ე.წ. „პოტენციალური ორმოების“ წარმოქმნის პირობები, სადაც ტალღები განიცდიან წყვეტას და ფაზათა  წანაცვლებას. გარდა ამისა, საგრანტო ნაშრომში გამოკვლეულია ნაპირგასწვრივი ტალღური მოძრაობის თავისებურებები შევიწროებად აკვატორიებში;  ტრაპეციული და სამკუთხა კვეთის არხებში,   მათი სანაპირო ფერდობების ნებისმიერად დახრის შემთხვევაში;  ტალღურ მოძრაობათა მდგრადობის პირობები წრიული კვეთის უდაწნეო წყალსატარებში.   განსაკუთრებით აღსანიშნავია წყლის თანაბარ და არათანაბარ დინებებზე ზედდებული გრძელი ტალღების განტოლებების  გაწრფივების პროცედურისადმი სრულიად ახლებური  მიდგომის საფუძველზე მიღებული შედეგები, რომელთა თანახმად დინების საწინააღმდეგოდ მიმართული გრძელი ტალღის ბლოკირება (შეჩერება) და ჰიდრავლიკური ნახტომ - ტალღის წარმოქმნა  ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი  აჭარბებს 2/3-ს და არა 1-ს, - როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, ხოლო დინების მიმართულებით ტალღური შეშფოთებები ყოველთვის გადაადგილდებიან რღვეული,  ე.წ. ბორის ტიპის ფენა-ფენა ტალღების სახით - თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი იცვლება 1,33 სა და 2-ს შორის, და  განიცდის სრულ რღვევას, ანუ იშლება სხვა და სხვა ზომის ცალკეულ შხეფად - თუ  ფრუდის რიცხვი აჭარბებს 2-ს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საგრანტო ნაშრომში მღებული ყველა ზოგადი თეორიული შედეგი სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნატურულ დაკვირვებებთან და აგრეთვე ცალკეულად არსებულ კერძო მათემატიკურ ამოხსნებთან. პროექტის საინჟინრო ასპექტები მოიცავს ზღვებისა და წყალსაცავების სანაპირო არეების გარემოს დაცვას;  ჰიდროტექნიკურ  და ჰიდროენერგეტიკულ მშენებლობას ზღვის ნაპირებსა მდინარეთა შესართავ აკვატორიებში; ზღვისპირა დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაპროექტებას და ა.შ.  დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს აზრი. აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა ხუთ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე და რეცენზირებად ჟურნალებში  გამოქვეყნდა  ექვსი სტატია.
სრულად